საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა.
კენჭისყრამდე, დისკუსიის დროს ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთის მხრივ, საწინააღმდეგო არგუმენტები დაასახელეს, მეორეს მხრივ, აღნიშნავდნენ, რომ არცერთი თარიღი არასწორი არ არის.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკითხის გაჟღერების დროს თქვა, რომ დღეის მდგომარეობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისს აღნიშნავს აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ხოლო 9 მაისს აღნიშნავს რუსეთი, ევრაზიული კავშირის ქვეყნები.
"რუსეთი, სამწუხაროდ, ისტორიას და თარიღებს იყენებს ე.წ. რუსული მსოფლიოს შექმნისთვის და ხშირად ხდება ამ თარიღებით მანიპულაცია.
ამას უკავშირდება მათი ბაიკერების მსვლელობა გეორგიევსკის ლენტებით. თვითონ აყენებს ამას, როგორც ცივილიზაციურ არჩევანს.
ჩვენც ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ - აღვნიშნავთ ევროპასთან ერთად, თუ 9 მაისს რუსეთთან ერთად?"
ვაშაძის განცხადებას ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ დასაწყისშივე წინა მთავრობის გახსენებით უპასუხა: "ათეული წლებია ტრიალებს ეს ინიციატივა. თქვენ რომ ბრძანდებოდით ხელისუფლებაში, ალბათ მაშინაც შეიძლებოდა რაღაც გადაწყვეტილების მიღება".
მანვე დაამატა, რომ ჯერ საჭიროა, ჰკითხონ იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვება მოიტანა.
"ფაშიზმზე გამარჯვება, როგორც ბოროტებაზე გამარჯვება, შეგვიძლია ნებისმიერ დღეს ვიზეიმოთ, მაგრამ თუ ვინმეს შეიძლება, გული ვატკინოთ, ეს შეიძლება, იყოს ჩვენი ვეტერანები. ვფიქრობ, უნდა ვკითხოთ".
ენმ-ს დეპუტატის ხატია დეკანოიძის თქმით, ის მხარს უჭერს თავის ოპოზიციონერ კოლეგას და ამბობს, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ევროპა აღნიშნავს 8 მაისს, რადგან 8-ში საღამოს შედგა კაპიტულაციის აქტი.
"ეს ჩვეულებრივი ისტორიული თარიღია, ამიტომ სრულიად გამიზნულად, მნიშვნელოვანია, ეს სიმბოლური აქტიც მივიღოთ".
"ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა თარიღების განსხვავება დროის სარტყლის სხვაობით ახსნა და თქვა, რომ "დღეს ამას მიეცა პოლიტიკური განზომილება".
"1945 წლის 8 მაისის 23:00 საათზე მოეწერა ხელი. დასავლეთში იყო 8 მაისი და აღმოსავლეთში 9 მაისი. დღეს ამას მიეცა პოლიტიკური განზომილება. საზოგადოებასაც კარგად უნდა ავუხსნათ, 9 მაისის შეცვლა რა პოლიტიკურ მდგენელთანაა დაკავშირებული, რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს, შეიძლება აბსოლუტურად არაფრის მთქმელი თარიღი არ აღმოჩნდეს და სახალხო აღნიშვნა ისევ 9 მაისს გაგრძელდეს".
ამას არგუმენტი დაუმატა სპიკერმა შალვა პაპუაშვილმაც, რომ 9 მაისს ეს დღე აღინიშნება ნატოს წევრ რუმინეთში და ჰოლოკოსტით დაზარალებული ებრაელების სახელმწიფო ისრაელშიც, ასე, რომ "მთლად ასეც არ არის გაყოფა".
ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ გაიმეორა მისი კოლეგის აზრი, სასაათო სარტყლის განსხვავებებზე და თქვა, რომ ორივე თარიღი სწორია.
"როდესაც გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი მოეწერა, ეს იყო 8 მაისი, საღამოს 23:00 საათი ბერლინში და თბილისში დილის 02:00 საათი. თბილისში იყო 9 მაისი, ბერლინში 8 მაისი".
ბექა ოდიშარიამ თავისი განმეორებითი რეპლიკის დროს ისიც თქვა, რომ რუსეთთან ერთად ერთ თარიღში აღდგომასაც აღვნიშნავთ.
"რუსეთთან ერთად რა, ერთ თარიღში შეიძლება აღდგომასაც აღვნიშნავთ, ეს არაფერს არ ნიშნავს...".
ამაზე გიორგი ვაშაძემ უპასუხა, რომ 9 მაისის აღდგომასთან შედარება რეალობას აცდენილია:
"მე ნამდვილად ასე ვფიქრობ, როცა რუსეთი აღნიშნავს, იმ დღეს არ უნდა აღვნიშნოთ და უნდა აღვნიშნოთ იმ დღეს, როცა აღნიშნავს ევროკავშირის წევრი ქვეყნები. აღდგომა რა შუაშია, ქრისტიანულ დღესასწაულს ნუ შევადარებთ 9 მაისს, რომელსაც რუსეთი იყენებს პროპაგანდისთვის".
9 მაისის 8-ში აღნიშვნის საკითხი 18 აპრილის ბიუროს სხდომაზე გიორგი ვაშაძემ დააყენა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რათა წელსვე მოესწროთ ცვლილება, თუმცა ამას მხოლოდ ენმ-ს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დაუჭირა მხარი. საკითხს ჩვეულებრივი წესით საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ.